Friday, April 24, 2020

გოდერძი ჩოხელის ხსოვნას

თუკი სიცოცხლე ტკბილი სევდაა ,
ადამიანად ამ ქვეყნად ყოფნის..
თუკი სიკვდილიც სევდად მონათლე,
სევდად არყოფნის...
მაშ, სიხარული სადღა არის,
ტკბობა ამ ყოფნით?
სცივათ ისევე გულქვაობით
გაყინულ სულებს...
და ხელს ითბობენ
მარადიულ ცეცხლის კოცონთან...
შენ რომ დაანთე,
სახმილად რომ უდებ
სიტყვებს ძარღვიანს,
ცეცხლის ნაპერწკლებს
გააქვთ ტკრციალი...
ნათდება ბნელი...
სურნელს აფრქვევს ირგვლივ ყვავილი,
ღმერთის ხელით გამოგზავნილი...
ცოფმორეულნი იკურნებიან...
ქვეყნიერებას ავსებს რწმენის თბილი სურნელი,
შენი სიტყვიდან გამონაშუქი.




გოდერძი ჩოხელს

შენ სანთელივით ჩამოიღვენთე,
იწვოდი ჩუმად,კრძალვით, რიდებით....
ასინათლებდი,რაც იყო ბნელი
და რაც გიყვარდა თავდავიწყებით...
აღიმილებდი სევდას და ბურუსს,
ათავთავებდი სიტყვებს მადლიანს...
მწიფე ყანაში იდექი მხნედ და
კალმით ლეწავდი,რაც გაბადია ...
ჩამოიღვენთა, დადნა სანთელი,
სულის ტკივილი, მწუხრის ნათელი...
ჩუმი წვითა და ჩუმი ვედრებით,
თავად აუნთე შენს თავს კანდელი.

Monday, January 13, 2020

ეს იყო ჩვენი ბედნიერება:მე,მაკა, ალეკო,მზია

ბედნიერი წუთები
ისე შემოგვეძარცვა,
ვეღარ მიხვდით, საიდან
გვჭირდებოდა ნებართვა,
რომ ბრჭყალებით დაგვეცვა
ძმის ნანატრი სიცოცხლე...
ყველა დამნაშავე ვართ,
რომ შენ ვეღარ იცოცხლე...
ვერ ჩაგიდგით სული და
ვერ გაჩუქეთ წამები...
ვერ შევძელით, გაგვექრო
განსაცდელი რამდენი...
ყველა დამნაშავე ვართ,
ჩვენ ვცოცხლობთ და შენ ვერა...
ერთად მყოფებს სიშორე 
ნუთუ ასე გვეწერა?!
გვაპატიე, თუკი ვერ შევაჩერეთ სიკვდილი...
თუ უნებურ ჩვენს ბაგეს
ეუფლება ღიმილი...
ისე გაუჩინარდი,
ვეღარ ვარკვევთ, რა ხდება...
მოვალთ, როცა იქნება,
კარი ღია დაგვხვდება...