Friday, May 7, 2021

სიყვარულის დიდ ბადეში ახვევს...


 მაისს გულში არ ეტევა მზის ტრფიალი...

სხივებს ისვრის, ისარივით ლახვრავს...

მწველი არის გამოწვევა, ალმურს აბნევს,

სიყვარულის ანა-ბანას ხლართავს...

მზე სხივების ჯიღას ისე აგვირისტებს,

ისე ნაზად აციმციმებს სხივებს...

თავზე გვირგვინს ვის დაადგამს არვინ იცის,

არვინ იცის ვის შეახებს თითებს...

მაისის მზე ცხოველმყოფელ სხივებს ისვრის...

წითელ ბარდებს უთამაშებს ბაგეს...

თავად ვარდი 

თავს იწონებს...

იპრანჭება...

სიყვარულის დიდ ბადეში ახვევს...

იასამანი...

 იასამნებმა ამიტეხეს გულში შრიალი...

ფიქრმა დაიწყო საოცარი წრფელი ტრიალი...

ვერ ამიოხსნია იდუმალი შფოთვის მიზეზი...

ვერ გამიგია, რად დამეწყო გულის ფრიალი?!

რამ ააფაკლა ეგზომ როკვით ჩემი სამანი?!

ლარნაკიდან თვალს ჩუმად მიკრავს იასამანი...

ჩემი მალამო...

ჩემი სულის 
თეთრი სამანი...

იასამანი....

იასამანი....








2021-აპრილი.იასამნისთვე.