მინდა თვალებში ჩაგხედო,
გადამიშალო გული...
შენში აღვზარდო,პაწიავ,
ქართველის წმინდა სული...
მინდა გასწავლო ილია,
მინდა იცოდე ვაჟა...
,,სულიკო”თუ არ იმღერე,
რა ქართველი ხარ,აბა?!
,,ციცინათელას”ციმციმი
თუ არ აგინთებს თვალებს,
როგორ შეხვდები,პაწიავ,
სამშობლოს დღეს და ხვალეს?!
მინდა,რომ ჩაწვდე ძირეულ
ჭეშმარიტ ქართულ სიტყვას,
გაოცდე მისი მშვენებით,
არ მოგასვენოს ფიქრმა....
მინდა სინედლე შეიგრძნო
და სინარნარე ენის...
შეიტკბო დიდი სიწმინდე
ჩემი პატარა ერის...
სადაც არ უნდა წახვიდე,
და ვინც არ უნდა გახდე...
ქართულად თუ არ ჟღურტულებ,
ვეროდეს ახვალ ცამდე...
უნდა მოხიბლო სხვა ერი
ჩვენი ნაზი ხმის ტემბრით...
თუ გულს მომანდობ,პატარავ,
ვერ შეგედრება ვერვინ...
ისე გასწავლი ქართულად
თხრობას,მსჯელობას,მღერას...
მამულს გავუქრობთ ბნელ ფიქრებს
და შევუდგებით ლხენას...
შენთან შეხვედრას ვესწრაფვი
ჩემი ლექსების შუქით...
სულ დაგავიწყოთ,მგონია,
დედოფალა და ბურთი...
მინდა თვალებში ჩაგხედო,
მინდა შევიცნო გული...
გადმოგინერგო,პაწიავ,სითბო და სიყვარული...
როდის იქნება ის დილა
მეც რომ დავდგები მერხთან
და შენც,პატარავ,ღიმილით
აჭიკჭიკდები ჩემთან...
25.05.1998 ლიკა
No comments:
Post a Comment