გამხმარ ხეს ტოტი მიაჭრა ანანიამ.წალდით გაჭორკლა,
გაასუფთავა და იქვე ვაზის ახლოს ჩაარჭო მიწაში.
უხმოდ ჩაჰყურებდა მიწას იგი მთელი ზამთარი...
სიტყვაც კი არ დასცდენია...
გაზაფხულდა თუ არა,მის გვერდით ხის ტოტებმა
ჩურჩული დაიწყეს, სისხლი აუდუღდათ ძარღვებში...
გამხმარ ტოტს კი სიტყვაც არ დასცდენია...
ჰაერში სითბო დატრიალდა...
პირველი კვირტიც გასკდა...
მწვანე ჩიტები გამოძვრნენ ხის კანიდან...
სიყვარულის ჩამორიგება დაიწყო ბუნებამ...
ხის გამხმარ ტოტს კი...
ვაზის ლერწი აიმართა,ტანი გაისწორა,გადაიღვენთა
,წაიცეკვა და გამხმარ ტოტს შეეხო...
ყურში რაღაც ჩასჩურჩულა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.
მაშინ ტანზე შემოეხვია,შემოეწება...
მას სიყვარული უნდოდა და კოცნა დაუწყო...
აინთო სიყვარულის ცეცხლით ვაზის ლერწი...
გაიფურჩქნა,გაიშალა,პაწია მარცვლებიც გამოჩეკა...
გავიდა დრო...მაგრამ არცერთი საპასუხო თბილი სიტყვა...
დამწიფდა მტევანი,სიყვარულით დაიფერა,
ვაზის ცრემლები დილის ნამივით ცამოეკიდა ქარვისფერ მძივებს...
მაინც დუმილი,ისევ ის ცივი დამოკიდებულება...
რა უნდა ქნას სიყვარულისთვის განწირულმა?!
აი,გასკდა მწიფე მტევანი,სიყვარულის სითხედ გადმოიღვარა,
მაჭრად ადუღდა,აღელდა,აბობოქრდა,ამღერდა და ტკბილ
ჰანგებად დაიღვარა...
გამხმარ ხის ტოტს კი ვერაფერი აგრძნობინა...
თვითონაც მოიწყინა,ჩაფიქრდა,დადინჯდა,დაამთავრა ფორიაქი.
ერთი სიტყვით,-დაღვინდა....
მაგრამ სიყვარულს ვერაფერი მოუხერხა...
მაშინ სხვა გზა მოძებნა,სხვა სხეულში ჩასახლდა,სხვის ძარღვებში შეიჭრა,დაიარა სისხლძარღვები,კაპილარები,გაიარა გული,გააღო სარქველი და კვლავ გადაისროლა სიყვარული სისხლძარღვებში,და ასე ...
გამუდმებული რბენით,ტრიალით,ბორგვით,ხალისით,ეშხით დაიპყრო სხეული მთლიანად...
ალაპარაკდა ის მეორე.ამოიდგა ენა,შეზარხოშდა,თვალები დაებინდა,ფეხებში ძალა წაერთვა და ჩაკოცნა ყანწი,სურა,ჭინჭილა...
ადიდა უფალი,ვაზი,ჯვარი,სიყვარული...
ამოცურდა მთვარე,მოიტაცა ვაზის მტევნები,
ჩამოიკიდა ყელზე და სიყვარულის საძებრად
გასწია შორეული ცის სიღრმეში....
No comments:
Post a Comment