Thursday, March 25, 2010

ქალური პოეზია


ღამით მივდიოდი ქუჩა-ქუჩა,

უცებ ზურგში წვიმა მომეწია,

მაინც არ დავსველდი,დამეხმარა

ჩემი ქალური პოეზია...

დარდმა დამიჩეხა სილამაზე,

სევდამ ხელისგულზე გაათია,

აქაც დამეხმარა უსათუოდ

ჩემი ქალური პოეზია...

როცა ვიდექ გზების გასაყართან,

ნეტავ სიმართლის გზა რომელია?

გვერდში ამომიდგა მოძმესავით

ჩემი ქალური პოეზია....

ნეტავ,რა დარჩებათ სამახსოვროდ

შვილებს,იქნებ რამე მოეძიათ?!

მათაც გაუნათებთ  ცხოვრების გზებს

ჩემი ქალური პოეზია.....

ოცნებით საუბარი


მინდა თვალებში ჩაგხედო,

გადამიშალო გული...

შენში აღვზარდო,პაწიავ,

ქართველის წმინდა სული...

მინდა გასწავლო ილია,

მინდა იცოდე ვაჟა...

,,სულიკო”თუ არ იმღერე,

რა ქართველი ხარ,აბა?!

,,ციცინათელას”ციმციმი

თუ არ აგინთებს თვალებს,

როგორ შეხვდები,პაწიავ,

სამშობლოს დღეს და ხვალეს?!

მინდა,რომ ჩაწვდე ძირეულ

ჭეშმარიტ ქართულ სიტყვას,

გაოცდე მისი მშვენებით,

არ მოგასვენოს ფიქრმა....

მინდა სინედლე შეიგრძნო

და სინარნარე ენის...

შეიტკბო დიდი სიწმინდე

ჩემი პატარა ერის...

სადაც  არ უნდა წახვიდე,

და ვინც არ უნდა გახდე...

ქართულად თუ არ ჟღურტულებ,

ვეროდეს ახვალ ცამდე...

უნდა მოხიბლო სხვა ერი

ჩვენი ნაზი ხმის ტემბრით...

თუ გულს მომანდობ,პატარავ,

ვერ შეგედრება ვერვინ...

ისე გასწავლი ქართულად

თხრობას,მსჯელობას,მღერას...

მამულს გავუქრობთ ბნელ ფიქრებს

და შევუდგებით ლხენას...

შენთან შეხვედრას ვესწრაფვი

ჩემი ლექსების შუქით...

სულ დაგავიწყოთ,მგონია,

დედოფალა და ბურთი...

მინდა თვალებში ჩაგხედო,

მინდა შევიცნო გული...

გადმოგინერგო,პაწიავ,სითბო და სიყვარული...

როდის იქნება ის დილა

მეც რომ დავდგები მერხთან

და შენც,პატარავ,ღიმილით

აჭიკჭიკდები ჩემთან...

25.05.1998 ლიკა

ენა ქართული


ენა ღმერთების,

ენა ლექსების,

ენა მითების და ლეგენდების....

ენა ქართული,ენა ქარგული,

აკინძული და ჩუქურთმაწნული!

შოთას ენა და ილიას ენა!

გურამიშვილის და ტატოს ენა!

ცეცხლსი,კოცონში გამოწრთობილი

ვერდაკარგული ენა ქართული!

ამღერებული ლექსად,პოემად

და შუშანიკის უწმინდეს ლოცვად...

ის გადაურჩა აღა-მაჰმად  ხანს

და გადაურჩა მარტყოფთან ბრძოლას....

ის გადაურჩა გადაშენებას,

აყვავდა,უფრო გაშალა ფრთები...

ენა ქართული-ამაღლებული,

გალაღებული და გასაფრენი...

ენა უბადლო!

ენა უვადო!

სამუსიკო და ენა უნაკლო!

თუ გსურს დაგათროს ამ ენის ეშხმა,

მაშინ ქართველად სჯობს დაიბადო....

სულხან-საბას ხსოვნას


ესეც ჩვენი ერის ტრაგედია,
ესეც ჩვენი ვაი-ისტორია...
ეს ხომ სიგიჟეა,ეს ხომ სიბნელეა,
ეს არის უაზრო ისტერია...
თურმე რამდენი გვიმტერია,
თავი რამდენჯერ გვიმტვრევია,
თურმე ,რაც უნდა შეგვენახა,
ვერ შეგვინახავს და...
                                      გვიმღერია...
დრო უფრო უაზროდ გაგვქცევია,
ლურჯი ცა სულ თავზე დაგვქცევია,
სულხანის საფლავიც აუყრიათ,
იქ მეტროს ფილაქანი დაუგიათ...
ეს ჩვენს წინაპრებსაც გაუგიათ,
საბრალოთ ხმა ვეღარ გაუგიათ...
და დღეს რაც ჩვენზე წვიმად მოდის
მათი რისხვა და აუგია.

Sunday, March 21, 2010

ვაზი და სიყვარული


გამხმარ ხეს ტოტი მიაჭრა ანანიამ.წალდით გაჭორკლა,

გაასუფთავა და იქვე ვაზის ახლოს ჩაარჭო მიწაში.

უხმოდ ჩაჰყურებდა მიწას იგი მთელი ზამთარი...

სიტყვაც კი არ დასცდენია...

გაზაფხულდა თუ არა,მის გვერდით ხის ტოტებმა

ჩურჩული დაიწყეს, სისხლი აუდუღდათ ძარღვებში...

გამხმარ  ტოტს კი სიტყვაც არ დასცდენია...

ჰაერში სითბო დატრიალდა...

პირველი კვირტიც გასკდა...

მწვანე ჩიტები გამოძვრნენ ხის კანიდან...

სიყვარულის ჩამორიგება დაიწყო ბუნებამ...

ხის გამხმარ ტოტს კი...

ვაზის ლერწი აიმართა,ტანი გაისწორა,გადაიღვენთა

,წაიცეკვა და გამხმარ ტოტს შეეხო...

ყურში რაღაც ჩასჩურჩულა,მაგრამ პასუხი ვერ მიიღო.

მაშინ ტანზე შემოეხვია,შემოეწება...

მას სიყვარული უნდოდა და კოცნა დაუწყო...

აინთო სიყვარულის ცეცხლით ვაზის ლერწი...

გაიფურჩქნა,გაიშალა,პაწია მარცვლებიც გამოჩეკა...

გავიდა დრო...მაგრამ არცერთი საპასუხო თბილი სიტყვა...

დამწიფდა მტევანი,სიყვარულით დაიფერა,

ვაზის ცრემლები დილის ნამივით ცამოეკიდა ქარვისფერ მძივებს...

მაინც დუმილი,ისევ ის ცივი დამოკიდებულება...

რა  უნდა  ქნას სიყვარულისთვის განწირულმა?!

აი,გასკდა მწიფე მტევანი,სიყვარულის სითხედ გადმოიღვარა,

მაჭრად ადუღდა,აღელდა,აბობოქრდა,ამღერდა და ტკბილ

ჰანგებად დაიღვარა...

გამხმარ ხის ტოტს კი ვერაფერი აგრძნობინა...

თვითონაც მოიწყინა,ჩაფიქრდა,დადინჯდა,დაამთავრა ფორიაქი.

ერთი სიტყვით,-დაღვინდა....

მაგრამ სიყვარულს ვერაფერი მოუხერხა...

მაშინ სხვა გზა მოძებნა,სხვა სხეულში ჩასახლდა,სხვის ძარღვებში შეიჭრა,დაიარა სისხლძარღვები,კაპილარები,გაიარა გული,გააღო სარქველი და კვლავ გადაისროლა სიყვარული სისხლძარღვებში,და ასე ...

გამუდმებული რბენით,ტრიალით,ბორგვით,ხალისით,ეშხით დაიპყრო სხეული მთლიანად...

ალაპარაკდა ის მეორე.ამოიდგა ენა,შეზარხოშდა,თვალები დაებინდა,ფეხებში ძალა წაერთვა და ჩაკოცნა ყანწი,სურა,ჭინჭილა...

ადიდა უფალი,ვაზი,ჯვარი,სიყვარული...

ამოცურდა მთვარე,მოიტაცა ვაზის მტევნები,

ჩამოიკიდა ყელზე და სიყვარულის საძებრად

გასწია შორეული ცის სიღრმეში....

მომნატრებიხარ,დედა!


როგორ ძალიან მომნატრებიხარ,შორსა ხარ , ჩემო შაოსანო დედა!

მინდა მოგეხვიო,დაგიკოცნო ნაჯაფარი ხელები,ვერ გწვდები,დედა!

ცხოვრებისეული პრობლემებით დაღლილს დარდი მეძალება,და

ამ არეულობაშიც  შენი სული დამტრიალებს და მიცავს,დედა!

შენთვის არა ვარ შორს,შენ მაინც მეძებ და მეხმარები,მეხმარები ხან

სიზმრად,ხან ცხადად........მაინც,რა არის დედა!

ვხვდები შენი ფიქრები მე დამტრიალებს და კეთილ

ანგელოზებს მიგზავნის...ოღონდ მე გყავდე ბედნიერი,არა?!

მეც და ...ყველა შვილი...ერთი გაკლია და იმის

ტკივილმა წელში მოგხარა...ვეღარ უყურებ მზეს ძველებურად,რაკი შენი შვილი აღარ შესცქერის ცას...შენი შვილი,ჩემი სისხლი და ხორცი....

დიდი დარდი ყველამ ერთად გადავიტანეთ....შენ ვერ გადაიტანე...

გაუნელებელი ტკივილია გულში...უბრალოდ,ჩვენ გვიფრთხილდები....

არ იმჩნევ....არადა,ჩუმად ტირი....დადიხარ,ტირი...დაწვები,ტირი...

ჩემი გული ხვდება ამას...

მინდა მოგეფერო და შორსა ხარ...მინდა ამოგიშრო ცრემლი...მინდა დაგიკოცნო სახე,დაღარული,ჩვენზე დარდებმა რომ გაგიჩინა ბზარი..........

მომნატრებიხარ,როგორც უდაბნოში მყოფს პეშვი წყალი........მე ხომ შენს ამაგს ვერასოდეს გადავიხდი,ძვირფასო დედა?!

-----------


თმებზე გადაგისვამ ხელს,

გულზე მიგიხუტებ კვლავ...

ცხელი ხარ,

საოცრად ცხელი,

მახურებ,

მახურებ,

მწვავ..................

სულ ბოლო გაჩერება


სასაფლაო,გარდაცვლილთა სავანე!

სულთა უეცარი მოლანდება!

გინდა მოეხვიო,ესათუთო,

მიხვალ და ისიც მსწრაფლ გაქრება...

სასაფლაო! უტყვი და დარდიანი!

ძველი ტკივილების გახსენება!

ცხოვრება ტრამვაის ხაზი არის,

აქაა სულ ბოლო გაჩერება.

ჩემი სკოლა

აცანის საშუალო სკოლა დავამთავრე 1985 წელს......ჩემი სკოლა სამსართულიანი ქვის შენობა იყო...კეთილმოწყობილი კაბინეტები,ფიზკულტურის დარბაზი,შესანიშნავი ბიბლიოთეკა,ინტერ-კლუბის ოთახი,სამასწავლებლო....ყვავილებით მორთული ეზო,დაფნებით გაკეთებული ხეივანი...ეზოში საბჭოთა კავშირის გმირის,ვლადიმერ ჩხაძის მონუმენტი....
გავიდა წლები....ჩაინგრა სკოლის სახურავი...განადგურდა წლობით ნალოლიავები....დარჩა ტკივილი იმისა,რომ იმ კედლებში ვეღარ შეხვდები ლამაზ მოგონებებს....
ახლა იმ სკოლის ადგილზე ახალი შენობა დგას...ეს დიდი საჩუქარია მომავალი თაობისათვის....მაგრამ,ეს არ არის ჩემი სკოლა...........




როგორ მიყვარდა შენს კედლებში ფიქრი და სუნთქვა...

ახლა ოცნებაც შეხვედრების მოისპო სულმთლად...

ჩამოგინგრიეს ქონგურები,გატკინეს მხრები...

ბავშვობის წარსულს შენს კედლებში სადღა შევხვდებით?!

როგორ მიყვარდა ის ოთახი-მზით ავსებული,

სადაც ბავშვები ვისწორებდით ფრთებს ასაფრენად...

ვიღას სცალია გიპატრონოს,გადაგარჩინოს?!

ვისა აქვს ძალა სადღეისოდ შენს დასაცველად?!

თბილი წუთების,მოგონების ლიცლიცებს თასი,

შენი ღირსების ბევრმა ალბათ არც იცის ფასი...

ისე მომინდა შენს კედლებსი ფიქრის განდობა,

არ შემიძლია უგულობის ასე დანდობა...

არ შეიძლება ,რომ დაინგრეს ყველა სიმაგრე,

რასაც კვლავ მოაქვს სიმდიდრე და სულის სინათლე...

არ შეიძლება შეიგუო მუდამ სხვა ბუდე,

მოშალო ძირი,საფუძველი,კედელი,ზღუდე.......

კულტურის კერას,

ცოდნის ტაძარს სულ სხვა აქვს ფერი...

და ამიტომაც შევაშველოტ სუყველამ ხელი...

გადავარჩინოთ იქნებ ამით ჩვენი ბავშვობა 

და არ დავუშვათ ძველი კერის ასე ჩაქრობა...

                             22.02.1998                  ლიკა

ფული


ფული!

ოოო,ფული...

ეს ცხოვრება რთულია,რთული.....

ვისაც ფული აქვს,

ბევრ იმათგანს არა აქვს გული...........

ეს ხელის ჭუჭყი აზიანებს გონების საზრდოს.........

ვინც გადაურჩა ამ სიავეს,

მას ვლოცავ!

გმადლობთ!

სიყვარულის ხე


პატარა,სულ ლორთქო ყლორტი....

საოცრად სათუთი,ნაზი........

ჩემს გულში იზრდება ,ხარობს.....

ხარობს ლამაზი და ნაზი.......

ეს ხომ სიყვარულის ხეა......

სიყვარულს იმედით გავზრდი............

ია


გულში ჩაგიკრავ,გაკოცებ,

მოგიალერსებ ფრთხილად,

შენც შემომხედავ ხალისით,

მიღიმი ყოველ დილას....

მიყვარხარ!

გრძნობას ვერ ვფარავ,

დღესაც მზიანი დღეა....

მზესაც ჩემსავით უყვარხარ,

ჩემო ძვირფასო ია...........

გურიის მთების მოგონება..........


ჩემი სოფლის ძველებური კოლორიტი,
შუქმოსილი ნინოშვილის გურია....
მთიდან ბარში მოჩუხჩუხე ნაკადული......
ჩანჩქერებთან ჩახუტება მწყურია..........
გზად მიხვეულ-მოხვეული ბილიკები,
მთის სიღრმეში დაკარგული ნაპრალი...
ტყე ისევე სუნთქავს მწვანით შემოსილი,
მას ვერ აკლებს ვერას ხელი მსახვრალი...
ფრინველთ გუნდი გადაუვლის ცას კამარას,
აფეთქდება კორდი ია-ენძელად,
ამ მხარესთან შეგუება ადვილია,
მე ხომ ეგზომ განშორება მეძნელა.................

თამარ დედოფალს!


დედოფალო თამარ!

ქალო,მშვენიერო!

სულის ამღერებავ,ფიქრო ხანიერო...

შოთას დიდი მუზა ყელზე მოგხვევია,

კალმის შუქ-ჩრდილები როგორ მოგხდენია...

დღეს საქართველოში ტკივილს უმძლავრია,

შენი სახელი კი მარად  უკვდავია...

                                        21.05.1994       ლიკა

Saturday, March 20, 2010

რას ამბობს მითი?


ჩემი გონების ხვეულებში მიმორბის ფიქრი,

თითქოს მიჭირავს ახლა ხელში სამყარო მთელი...

ანტიკურ სიბრძნეს ვაზიარე სულის ფრინველი

და ძველ მითიურ გარემოში ვსახლობ და ვტკბები...

რას ამბობს მითი?

რა ყოფილა დასაბამიდან?!-

აი,კითხვები!სულს რომ აგზნებს,აფორიაქებს...

ყოფილა დიდი ქაოსი და არეულობა...

უფალი,შემძლე,უველას თავის სახელს მიაგებს...

...და შექმნა ღმერთმა მიწა პირველად ყოვლისა კერძო,

მან მოავლინა სიყვარულის ღმერთი-ეროსი...

მოკვდავის გულში სიყვარულის აფეთქდა ნიჭი

და სილამაზეც ფრთებშეისხა მიწის,მდელოსი...

რას ამბობს მითი?

როგორ შექმნა ადამიანი?!-

საოცარია ამ კითხვის წინ აზრის გამოთქმა...

არა ისეთად,როგორიც მას დღესა აქვს სახე,

მითურ სამოსში პირვანდელი სახე გამოტყვრა...

უფალმა შექმნა ადამიანი სფეროსმაგვარი,

ერთარსებასი მოაქცია მდედრი და მამრი...

ოთხთვალ,ორპირა და ძლიერი მოძრავი ძალა

იყო მსწრაფლ უფრო,ვით ძლიერი უდაბნის ქარი...

ჩაფიქრდაზევსი,შეაწუხა ამ ძლიერებამ

და გადაწყვიტა და შორება სხეულთ ნაწილის...

გაჰკვეთა შუაში,დააშორა მდედრი და მამრი,

მიმოიფანტა სამყაროში მათი ხმა ტკბილი...

...და იმის შემდეგ ერთ ნახევარს ეძებს მეორე,

რომ მიიღოს და ისისხლხორცოს ნაწილი თვისი,

ეს საკუთარი თავის პოვნის ჰარმონიაა,

აი,აქ მოსჩქეფს სიყვარულის უზადო ნიჭი...

აბა,ვინ მოთვლის სიყვარულით ფრთებშესხმულ წყვილებს:

ტარიელ-ნესტან,ლეილ-მაჯნუნ,ტრისტან-იზოლდა...

მიქელანჯელო მოსეს,დავითს აქანდაკებდა

და ფიქრი მისი სიყვარულის ქარებს მიჰქონდა...

ალიგიერმა ბეატრიჩეს მიუძღვნა სული

და არსაკიძემ სვეტიცხოველს შესწირა იგი...

ბარათაშვილი კატერინას ტრფობით ამღერდა 

და სიყვარულით დაიღვარა ჰანგები ტკბილი...

...სად იყო მითი,სიყვარული როს ზეიმობდა?!

მოჩუხჩუხებდა,ვით მდინარე წმინდა,ანკარა...

...ხელში მიჭირავს საუკუნე-კრიალოსანი...

ვმარცვლავ და ვმარცვლავ,ვიდრე ნისლი სახეს დაფარავს...

                                       18.06.1994               ლიკა ჩხაიძე

ისევ იასამანი.........


მომენატრა გაზაფხული,

ყვავილების სუნი.

ჩემს ოთახში,ჩემს ლარნაკში

დიდი თაიგული..

ჩემი იასამანი

გაქოჩრილი სულმთლად....

ვიყნოსავ და ამ სურნელით

უფრო კარგად ვსუნთქავ....

მოვიპარავ რტოებს სადღაც,

ჩავიხუტებ გულში..

ვიხედები ჩუმად,ჩუმად

იასამნის სულში....

დავუკოცნი გულ-მკერდს ყვავილს,

წარბ-წამწამს და თვალებს....

გაზაფხულო,მალე მოდი,

ნუღარ დაახანებ........

ჩამახუტე იასამანს,

კვლავ გამითბე უბე........

ეს ზამთარი სულს მიხუთავს,

ვეღარ ვსუნთქავ უკვე.........

              11.01.1999. ლიკა

უსათაურო.....................


ჭაღარა ქუჩა.......

ხეივანი....ფოთლების ჯარი..........

ჩაივლი,მუდამ ჩარაზული ბებერი კარი.......

იქვე ეზოსთან წარწერაა:,,ძაღლია ავი”.......

არვინ წაართვას ჭოლა ძიას

ბებერი ქალი.

ჭაღარა ქუჩა........

ავი ძაღლი....

ბებერი ქალი..........

შრიიიიიიი......დაჰქროლებს და.........

დაგვის ქუჩას ავყია ქარი............

                    02.11.1998

                                ლიკა ჩხაიძე

ჩემი ყვავილები


მე თქვენ შვილებივით გივლით,

მიყვარხარ,ვგიჟდები თქვენთვის..........

რად გინდა ამდენი ყვავილიო,

მე ეს სიტყვები შემშლის...

მე თქვენს ყველა ფოთოლს დავკანკალებ,

ყველა ყლორტს,ყველა კოკორს ვუვლი.....

მინდა თქვენი ფიქრი მეც ვიფიქრო,

თქვენც ხომ გაქვთ პაწია გული.....

მინდა ფანჯარასთან მყავდეთ ისევ,

მზემ მინდა მოგიქარგოთ კაბა.

მინდა ღამით ვარსკვლავებს ეჩურჩულოთ,

უმეგობროდ როგორ გაძლებთ აბა?!

მე თქვენს სიცოცხლეს დავიფიცებ,

თქვენს ღიმილს,ყვავილებო ჩემო..........

ვინც მეტყვის,ყვავილები რად გინდაო,

ის უმალ უნდა შევაჩვენო....

მე თქვენ მშვენიერ წუთებს მჩუქნით,

მე თქვენ მახალისებთ როგორ....

მე თქვენთან წლები მეკარგება და

ვარ თქვენებრ პაწია გოგო.....

                   01.11.1998                            ლიკა

ვესაუბრები ლექსებით ზეცას.................


,,ვესაუბრები ლექსებით ზეცას...

ვეჩურჩულები რითმებით მიწას............

ხელისგულს ვუშვერ წვიმას მონადენს

და წყურვილს ასე,ამგვარად ვიკლავ...........

იასამანი


ისევ ვეტრფი აყვავებულ იასამანს,

ყოველ დილით სურნელებას მაფრქვევს...

მიყვარს გულით და ძლიერ გთხოვთ,

როცა მოვკვდე

ჩემს საფლავზე ეს ყვავილი დარგეთ.....

იჩურჩულოს ჩემს შეწყვეტილ სიცოცხლეზე,

ღრმა ფესვებით ჩამეკონოს გულში.......

ნურვინ მოწყვეტთ ჩემს სანატრელ იასამანს....

ნუ გაურევთ ძვირფას თაიგულში...........

მის სურნელში ჩემს საუბარს უცებ იგრძნობთ,

ეს თვალებიც შემოგხედავთ მყისვე........

იასამნის ნაზ ფოთოლთა შარიშურში

ჩემი კაბის უკვდავ შრიალს ისმენთ............

                                                          ლია ჩხაიძე