Monday, December 27, 2010

სადეკემბრო....

სუსხსა და სიცივეში როგორ გაგიმეტო,
როგორ მიგატოვო,როგორ?
არც შენ ხარ დიდი და არც გშვენის გაბუტვა,
არც მე ვარ პაწია გოგო.....
დეკემბერს მოჰყვება სუსხი და სიცივე,
გულში ჩამოყინავს ბზარებს....
მერე ყინულეთში რა გამაძლებინებს,
რა გამაღებინებს კარებს?!

Friday, September 10, 2010

საფიქრეთში

არ მინდა,მაგრამ მაინც დარდი თავისას შვება,
მაინც სამდურავს წამომაცდენს,ცოდვაში მაგდებს....
არ მინდა,მაგრამ ფიქრი მაინც სად არ მატარებს,
ეს საფიქრეთი როგორ  იტევს ნაფიქრალს ამდენს?!

უიმედობა

სულის კედლებს ისე ორთქლავს 
დარდ-წუხილთა სიცივე...
თითქოს ფანჯრის მინა იყოს,
მივენდე და ვიტირე....
თითქოს სულში ნიაღვარმა
ჩამორეცხა კარიბჭე,
მიაქვს,მიაქვს იმედები,
დავეწევი,დავიჭერ...
მაგრამ ძალა აღარ მყოფნის,
ვხედავ როგორ ვიცლები,
ნეტავ როდის დავისვენებ,
როცა გარდავიცვლები?!

Saturday, August 14, 2010

ისე გალია გულმა მიჯნები,
ვფიქრობ,არასდროს გავეჯიბრები
ჩემზე სუსტსა და ნაკლებსურვიელს,
უსულოსა და მაინც სულიერს.........

Sunday, July 4, 2010

მიტოვებული სახლი....

გაცივდა სახლი,
აღარ უყვარს იქ ყოფნა ვინმეს...
მარტოა სახლი....
დადუმებულა ყველაფერი,
არ ისმის თითქოს შრიალიც ფოთლის.....

არც ნაბიჯების ხმა არის სადმე....
არც ხმაურია...
არც ყვირილი....
არც შეძახილი....
არადა,ისე ხმაურობდა ეს ეზო-კარი!

აღარ ჩანს ქალი.
მოფუსფუსე,მშრომელი ქალი....
აღარც ბოსტანში თავჩარგული,
აღარც ეზოში....

ბალახი კიბეს მოსდებია....
ხავსია ირგვლივ...
.ოხრავს კედელი....
ცარიელია უკვე ბეღელი.....

აღარ ჩანს ქალი, თავგადამკვდარი,
ოჯახის ქალი.....

დაკეტილია ამ სახლის კარი.... 

რომ აღარ ვიქნები.....

რომ აღარ ვიქნები,
ვიცი,მონატრება აატირებს თვალებს....


რომ აღარ ვიქნები,
ვიცი,დარდები,გააცივებს გულს....


რომ აღარ ვიქნები,
ვიცი,შვილები,ობლად იგრძნობთ თავს....


რომ აღარ ვიქნები,
ვდარდობ,ღიმილით ვერ გაგიღებთ კარს....

რომ აღარ ვიქნები,
ჩემი ნაწერები გაჰყვება ქარს....
ვინღა გაიგებს ჩემი სულის იდუმალ ხმას....
ვინღა მომაწვდენს მიღმა სამყაროში ხმას....
ვინღა დაიწყებს ჩემი ნაბიჯების თვლას.... 

რომ აღარ ვიქნები,
ვაითუ,შვილებს დაეღალოთ მხრები....
იქნებ მოუნდეთ ჩემთვის რაიმეს თქმა....
იქნებ დავჭირდე და აღარ ვყავდე გვერდით,
მაშინ რა უნდა ვქნა?!

მაშინ?!
მაშინ რაღა გამაჩერებს ისე,
ვიცი,გამოვანგრევ მაშინ სამარის კარს....
კვლავაც დავიფარავ  დედის უსათუთეს ბარტყებს, 
ჩემი სიცოცხლის ,ჩემი უკვდავების თვალს! 

ნაწერებს ჩემსას წაიღებს ქარი....

ნაწერებს ჩემსას წაიღებს ქარი,
გაცამტვერდება,რაც ახლა არი.....
მიჩუმათდება არე მდუმარედ,
დაიკეტება ამ სახლის კარი.....
დაიფანტება მოგონებები,
აფუთფუთდება გულში წუხილი..... 
წარსულის ხმაურს ეცლება გეზი
და გამეფდება ირგვლივ დუმილი.....
გაქრება ჩემი გულის ძახილი,
სათქმელი რჩება ისევ უთქმელი....
დაისადგურებს დუმილი ჩემში,
აქ კი სიჩუმე -ასე უჩვევი..... 

წიგნი

წიგნი-გრძნობათა ალმურია,
მიუწვდომელი ამურია....
წიგნი-უცნობი ნაცნობია,
სულ გვერდით მყავს და არ მცნობია....
წიგნი-რომ გტკივა,წამალია...
ვისაც არ უყვარს,არამია....
წიგნი-რომ გცივა სამოსია,
ის შენი სინდის-ნამუსია...
რომ გიჭირს ,გვერდით დაგიდგება,
გიერთგულებს და  გიპატრონებს...
წიგნი სულიერად გადაგარჩენს ,
გწამდეს,არასოდეს მიგატოვებს...
წიგნი საგანძურის ტოლფასია,
სიმდიდრეს მისას ვინ დაითვლის...
წიგნი ანთებული სანთელია,
ანათებს ,მას ციმციმს ვინ დაუშლის?!
წიგნი-ეს სიბრძნის კიდობანი
ათას საოცრებას რომ ინახავს....
მოვსინჯოთ,მოვარგოთ გასაღები,
ყველაფერს ჩვენც ნათლად დავინახავთ...

ქალო-ქალის ეტალონო!

ქალო-ქალის ეტალონო!
ქალო-ევას ნაწილო!
როგორ უნდა მოგეფერო,
როგორ უნდა გამწირო,
რომ არ მარგო ეგ ღიმილი,
ელვის ერთი ნასხლეტი...
მხოლოდ ერთხელ გამიღიმე,
არც ნაკლები,არც მეტი....
რომ დამბუგოს,
რომ დამნაცროს 
მაგ ღიმილის სიცეცხლემ....
მერე რაღას დავდევ იმას,
მოვკვდები თუ ვიცოცხლებ..........

კაცი ხარ თუ კაცუნა?!

კაცი ხარ თუ ქონდრისკაცი,
კაცი ხარ თუ კაცუნა?!
ასე როგორ გადაგვარდი,
ან რამ დაგაძაბუნა?!
ასე როგორ შეგაჩვენა
მაინც არსთა გამრიგემ,
რომ მოძმე და მეგობარი
იუდასებრ გაჰყიდე?!
 კაცი ხარ თუ ნაკაცარი,
გველის ტყავით მოსილი....
ან სხეული რისგანა გაქვს 
ასე ყალბად შექმნილი?! 
შენ კაცობა თუ გგონია,
აწეული სასმისი.... 
სიყვარულს რომ კაცს შეჰფიცებ
და მერე კი გაჰყიდი...
ან კაცობად თუ მიიჩნევ,
აქო მავან-მავანი....
მერე ისე ათახსირო,
როგორც ქვეწარმავალი....
კაცი ხარ თუ ქონდრისკაცი,
კაცი ხარ თუ კაცუნა....
ასე როგორ გადაგვარდი
ან რამ დაგაძაბუნა?! 

........................

უარაფრობამ ჩაგძირა და დაგაძაბუნა,
ტყუილმა სული დაგიობა და დაგინესტა....
მაინც ხარ მშვიდი,არაფრისმთქმელი,
არ დარდობ,ნეტავ?! 
ანგელოზის ფრთებით გავუჩინარდი,
მოვეფარე ღრუბლებს....
მზესთან ერთად დილით გამოვაშუქებ,
გაგინათებთ გულებს....
წვიმის წვეთებს  ჩამოვყვები იდუმალ,
ვკოცნი ხელისგულებს....
მერე ისევ ზეცას დავუბრუნდები,
ვაყურედებ ულამაზეს სულებს..... 

......................

მე  ცრემლის გუბე დაგიტოვეთ ,
პაწია გუბე.....
და ამ გუბეში სველდება ჩემი
პაწია ფრთები....
უფლის საბრძანისს მივეახლე,
მიყვარს აქ ძილი....
შეიშრეთ ცრემლი,
დედი! ნუ სტირი!
ო,ცხოვრებავ,რატომ მიჭერ არტახებს?!
რატომ მიკრავ გზებს?!
რატომ ,რატომ მაკვრევინებ
ცარიელა ბზეს?!
ეჰ,ცხოვრებავ,რას მიპირებ,
რას მიბნელებ დღეს?!
მომამადლე,რომ ვუცქირო ნებიერად მზეს....
ავყიალდები,
ჩავყიალდები,
ავყიას ყალყზე დავყიალდები....
შენ კი მიყურე,
მიყურე მასე....
და დარდისაგან 
გაღიავდები............
ფიქრი თავზე ნამცეცებად მაყრია,
ეს ცხოვრება  მართლა დიდი დარდია....
გინდა მშვიდად აწარსულო დღეები,
მაგრამ მკითხე,აბა,ერთი,გაცლიან?!
მკითხე,ვინმეს ტკივა შენი ტკივილი?!
ვინმეს დარდის გაუყვია ულუფა?!
ბევრს ის უფრო ურჩევნია,რომ გნახოს
ბედი როგორ მიგაქანებს უკუღმა....
და,შენ,ჰეი!
ჩემო ბედის მესაჭევ!
გამაქანე,ნუ დამტოვებ ურიგოდ....
ფიქრი თავზე ნამცეცებად მაყრია
და მეც ყველას უნდა ჩამოვურიგო.....

ჩემს მოსწავლეებს!

ჩემი სულის მტრედები ხართ,
მე ჩემს გულში აგიშენეთ ბუდე...
ამ ბუდეში დაგფოფინებთ,
შემოგავლეთ ირგვლივ  ფიქრის ზღუდე....
თავს გევლებით,გაფრთიანებთ,
მინდა მალე თავად შეძლოთ ფრენა....
მინდა იყოთ ლაღები და ჯანსაღები,
მინდა მამულს მოუტანოთ ლხენა....
ჩემი სულის მერცხლები ხართ,
მაიმედებთ და მახარებთ როგორ!
ყველა ერთი მთლიანი ხართ,
ვისაც გიცნობთ-ბიჭი ხარ თუ გოგო! 
რამდენიც ხართ,იმდენგვარი ხასიათი,
იმდენგვარი უნარი და ნიჭი
უნდა ნათლად დავინახო და შევიცნო,
არ გამომრჩეს  სულ მცირედი ბიძგი...
 ...და უნებურ ფიქრი სადღაც მიმაქანებს,
ღამითაც კი არ მშორდება დარდი.. 
ვფიქრობ,იქნებ მასაც რამე გაუჭირდა,
თქმა უნდოდა და გვერდით არ ვყავდი....
დედის გულის რუდუნებით ვხვდები უმალ,
რა გინდოდათ,რატომ გსურდათ,როგორ?!
ყველა მართლა ჩემი სულის ნაწილი ხართ,
ყველა!
ყველა!
ბიჭი ხარ თუ გოგო! 

აღმართ-დაღმართი

მივდივარ და მივუყვები აღმართს...
შორი გზაა,უსასრულოდ შორი...
არ თავდება ბილიკების სიგრძე,
არ მშორდება ჟინჟღლები და თქორი....
დაღმართისკენ ვიხედები უმალ,
გამივლია უმეტესი ,ვხვდები....
ისევ ისე მივუყვები აღმართს,
ჩემი ბედის კმაყოფილი ვრჩები....

გული-ეს პატარა კაკლის ნაჭუჭი!

გაჭერით გული!
ნახეთ რა არის ჩამალული,
რა ინახება ამ პატარა კაკლის ნაჭუჭში....

გაჭერით გული!
იქნებ მყრალი გუბეა იგი
და ჭიაღუებს აუტეხავთ იქაც   ფუთფუთი....

გაჭერით გული!
თუ შენიშნეთ ლპობის ნიშნები,
მიწად აქციეთ ლეში იგი,ხელშეუხები....

გაჭერით გული!
და თუ ისევ წმინდაა იგი,
ნათლით შემოსეთ ,ავგაროზად აქციეთ იგი!

დაგიცავთ ყველას ძნელბედობის და ლხინობის ჟამს....
გიყვარდეთ იგი....
მიენდეთ მას და....
ყველას უთხარით:
გულია იგი!
მართალი გული-ვერდაღლილი ,ვერშებილწული!

გულია იგი!
მამულის გული-უფლის მიერ ჩადგმული სულში!
გულია იგი!
ცოტნესა და გიორგის გული-
გმირობისათვის აძგერებული! 

გულია იგი!
ყური მიუგდე ,აბა,როგორ ძგერს!
რუსთველის გულის ძგერაა იგი!
სამასი გმირის გოდებას მოჰგავს!
და წივის,როგორც ერეკლეს ხმალი!
ეს გული ალბათ იმიტომ ღელავს,
ვერ ითმენს ამდენ უიღბლო ბორგვას...
ამ გულს ხომ მუდამ წინწასვლა ახსოვს
და დაჩოქების მიზეზით ოხრავს....

გაჭერით გული!
ნახეთ,აბა,
თუ გაუძლო ამდენ ვაებას!

ეჰ,რამდენს  უძლებს 
ეს პატარა კაკლის ნაჭუჭი!

კვლავაც ვიქნები მე....

მე აგიშენე რწმენის კედელი,
მე აგაშენე შენ...
მე გაგინათე ბნელი სავალი,
მე გაგანათლე შენ...
მე დაგინგრიე ავი სულეთი,
მე ჩამოგსანთლე შენ...
შენზე მლოცველი და მოქადაგე
კვლავაც ვიქნები მე....

ეჰ............

მართალ სიტყვას სარეცელზე ასვენებენ,
ტყუილს კიდევ მგონი ქორწილს უხდიან....
ბოროტებას კაკალ გულში იხუტებენ,
სიკეთეს კი ვერცხლის ფასად ყიდიან....
ხეს ვინ დარგავს,ვინ მოიცლის ამისათვის,
როცა ნამყენს ჭიგოს ურცხვად აცლიან.... 
მთავარია,სადღეგრძელოს ჯერი დადგეს, 
მერე ყანწებს ერთმანეთზე დაცლიან....
მერე რაღა დაავიწყებთ იმერ-ამერს,
სიტყვა აღარ დააცალონ თამადას...
მერე რაღა გაათავებს ზღვა სიყვარულს,
რა დააცხრობს დუდუკსა და არმაღანს....

შემძულდა!

შემძულდა ღიმილი,
რაკი იღიმოდი ურცხვად...
შემძულდა ნუგეში,
რასაც იძლეოდი ფუჭად....
შემძულდა,ისიც კი ,
რაც ასე მიყვარდა შენში....
ო,ღმერთო,უფალო,
ნუ გამაგიჟებ და შემშლი.......

ნიღაბი

მოირგეთ ნიღაბი,
მუქთად და იაფად
მოირგეთ ნიღაბი...........

დამალეთ ფიქრები
და ისე გალიეთ 
ეს ბნელი გვირაბი.........

დამალეთ მზაკვრული 
ფიქრი და ზრახვები,
თუ ვერას გახდებით...

მოირგეთ ნიღაბი,
თუ გინდათ არ მოგძვრეთ
ცხვირი ან ნიკაპი......

მოირგეთ ნიღაბი,
თავადაც მოერგეთ,
არ დაიტანჯებით....

გეგონოთ,რომ არ ჩანს
თქვენი ავკაცობა 
და ბნელი ზრახვები.... 

Tuesday, June 29, 2010

ლაფის სროლიები

მყრალ გუბეში ბაყაყები ბანაობენ...
ეს ცხოვრება მათთვის მართლა თამაშია...
ყიყინებენ ,ყიყინებენ ბაყაყები
და  ერთმანეთს ლაფის სროლას არ აცლიან.........

Monday, June 21, 2010

შემაძლებინე!

შემაძლებინე სუფთა წყაროს დავლიო წყალი...
შემაძლებინე პოეტური მიყვარდეს ქნარი...
შემაძლებინე არ მაკრთობდეს გრიგალი,ქარი...
შემაძლებინე განვირიდო ბოროტი,ავი....
შემაძლებინე ვზიდო ტვირთი და ვიყო კრავი...
შემაძლებინე  ვიყო სახლის საყრდენი კავი...
შემაძლებინე ,რომ გავაღო სამოთხის კარი 
 და ვიგრძნო რომ ვარ -ნეკნისაგან შექმნილი ქალი.


სვავების ნადიმი

ნადიმია!
სვავებივით მისევიან სუფრას..
გლეჯენ ,რასაც მიწვდებიან,
უძნელდებათ სუნთქვა....
ნადავლს ისე იტაცებენ,
არ უტოკავთ წარბი....
კითხე,აბა,
რომელიმე  
მათში 
თუა ხარბი?!
შენ კი ისე გიყურებენ,
თითქოს იყო ზღარბი.....
 ეეეე,სვავებო!
ინადიმეთ,
ნადიმია რაკი !

წარსულის ნაშთებს..............

წარსულის ნაშთებს ვეჩურჩულები,
მიამბობენ და იცოდეთ,როგორ!
გულისცემას ვგრძნობ,რომ მივეყრდნობი
უძველეს ციხეს,დანგრეულ გოდოლს.... 
წარსულის ნაშთებს ვეხმატკბილები
და ყურს მივაპყრობ წარსულის ექოს........
მომავლისაკენ გავიშვერ ხელებს,
შუაკაცობა იქნება მერგოს.... 

რკონის ტაძარი

საოცრებათა უბეში მიმალულხარ!
სიმწვან-სიჩრდილეში ჩაკარგულხარ!
თითქოს იმალები ნამზეური,
თითქოს არ ჩანხარ და მაინც სულ ხარ!
თითქოს იპრანჭები ყვავილივით,
თავს იწონებ და ყელყელაობ...
ჩუქურთმებს ტანზე სუროდ იხვევ,
სუნთქვას იკრავ და პატარძალობ....
წარსულის თვალებით მოგვანათებ,
მზერა თვალს გვჭრის და გაგვაოცებს....
ვუჩოქებთ,ვკოცნით ნაფეხურებს,
ათასგზის ტკეპნილს და მონალოცებს.....
ღვთისმშობლის უბეში მიმალულხარ,
წილხვდომილ მხარეში აღმართულო....
საოცრებათა ნიმუში ხარ,
თავად უფლის ხელით  დახატულო.... 

ღალატისათვის გერგო.....

მიზეზს სად ეძებ,რატომ ბრაზდები?
ამბობ:,,ო,ჩემო ბედო!”
შენ ხომ ეს უკვე დაიმსახურე,
ღალატისათვის გერგო....
შენ ხომ სხვის ცუდზე ხელები ითბე,
ხომ გიხაროდა ავი?!
ხომ გადირჩინე სხვისი დაქცევით 
გველის ნაცვალი ტყავი?!
ბოლომდე მაინც ვერ გადაყლაპე,
მსუყე აღმოჩნდა ლუკმა....
ასეა,სხვისი დამხობისათვის
გაგიჭირდება სუნთქვა...
ასეა,მაინც წამოგეწევა
ბედი-მდევარი გზაზე.......
არ გაგახარებს,დაგემგზავრება
და ცრემლს დაგადენს თვალზე........
ბედი-მდევარი არ გაპატიებს,
თუნდაც შეგინდოს კაცმა....
ღალატი არის სულის სიდამპლე,
ჯოჯოხეთი და ჯვარცმა....
ჩათვალე,სულით განზარჩვული ხარ,
ან რას გიშველის ჩაცმა?! 

უვიცობის ზეიმია...............

უვიცობის ზეიმია,
დაუკარით კვერი.............
რეგვენისგან სხვა რა გინდა,
სხვას ან რას მოელი....
უვიცები გიღიმიან,
მტვერს გაყრიან თვალში,
რა სირცხვილი?!სიამაყე
გაჯდომიათ ხმაში...
ეს ცხოვრება გადაიქცა 
ლუარსაბის  ,,ბუჩოდ”,
თუ გსურს გახდე პირველკაცი,
მიდი,ნუღარ ურჩობ....
შენც ისწავლე დაბეზღება,
ღალატი და ქლესვა...
თუ არ გინდა დასაკლავი
დანის ისევ ლესვა.....
შენც ისწავლე მორჩილება,
იყავ მონა,ფლიდი....
თუ გსურს იყო პირველკაცი,
რაღას უცდი,მიდი!

ექსკურსია გერგეტის სამებაში

კონტრასტების მხარეში,
სადაც საოცრებათა
ძალზე დიდი სპექტრია,
გულს რაღაც უხარია..........
ეს სულ  სხვა სამყაროა,
ეს სხვა სილამაზეა,
რასაც იცნობ და მაინც
შენთვის სულ ახალია....
ეს ხომ საქართველოა,
ეს ხომ მისი მთებია-
თეთრ ნაბდებში მორთული,
და გულს გაუხარია....
თოვლთან ერთად მზე არის,
მზესთან ერთად წყალია....
 თოვლის გვერდით მინდორზე
ყვავილების ჯარია....
ეს ხომ საქართველოა,
კონტრასტების მხარეა....
ამად მიყვარს ეს მიწა,
ეს ცა,მზე და მთვარეა.......... 

Saturday, May 22, 2010

ერისკაცს!

ერისკაცობა მძიმე ტვირთია,
ეს მძიმე ტვირთი არის საგზალი....
გუდა,რომელშიც საგზლად აწყვია 
სიტყვა ნატიფი,სიტყვა მართალი...
გუდა,რომელშიც დაგროვოლია
კაცურ-კაცობის წმინდა ნაჟური...
პატრონმა იცის მისი სიმძიმეც,
მისი ავსების ხერხი,აჟური....
პატრონმა იცის და ხალხი ზომავს,
ეს გუდა განა მართლა ნივთია?!
სახელ-დიდება ისე არ მოდის,
ერისკაცობა მძიმე ტვირთია. 




სამებიდან მთაწმინდამდე.....

კაცი მთისოდენი!
ცრემლი ზღვისოდენი!
რწმენა კლდისოდენი!
სული ცისოდენი!
ფიქრი ხნისოდენი!
გული ზღვისოდენი! 
დარდი ხმისოდენი!
მოძმე ქვისოდენი!
...და გზა სამებიდან
მაღალ მთაწმინდამდე
 არის გზა მიწიდან 
წმინდა სავანემდე... 

მუხრან მაჭავარიანის ხსოვნას!

ეს არ გავს სიკვდილს,
ეს სიცოცხლის არის ნიშანი....
დიდო პოეტო!
მარადისობის ხარ ბინადარი....
ეს არ გავს სიკვდილს,
როცა ნატრობს ბევრი მაგდაგვარს...
როცა მამული გეფერება
დაღლილს,ნაჯაფარს....
ეს არ გავს სიკვდილს,
გვირგვინს გადგამს თავზე უფალი,
ხარ საქართველოს ღირსეული ჭირისუფალი! 
.

...და რა ძნელია იყო პოეტი

...და რა ძნელია იყო პოეტი,
როცა სიმართლეს გულში ვერ მალავ....
როცა ტყუილის არ გესმის ენა,
როცა უმსგავსოს ხედავ,ვერ ფარავ....
როცა გთხოვენ,რომ არ აღიარო,
გუნდრუკი უნდა უკმიო მავანს.....
პატივი არის,იყო  პოეტი
და სწორად სჯიდე ქვეყნის გზა-სავალს....

მუხრან მაჭავარიანის ხსოვნას!

თქვენი ლექსი,როგორც ხმალი ,სატევარი,
მტრის გულს კოდდა,მოყვარეს კი ალხენდა....
ლექსი,როგორც ქარიშხალი,ბობოქრობდა,
მამულისთვის თავგანწირვას გვაჩვევდა....
ომის დროსაც თქვენი ლექსი ხმიანობდა,
ლხინის დროსაც ხმატკბილობდა თამადა....
თქვენს ლექსებში ქართველობა ხმიანობდა,
თქვენ მოჰქუხდით არაგვივით თავადა....
 მამულს ენთე სანთელივით,გზას კვალავდი,
ბნელში,მწუხრში ლექსს ანთებდი ჩირაღდნად....
ახლა ხალხი,მთაწმინდისკენ მიგაცილებს
წმინდა მიწის საუკუნო ბინადარს....

Saturday, May 15, 2010

ნატა ჩხაიძეს!

სკოლის მერხს რომ მოუჯდები პაწაწინა,
კრძალვით გაშლი უსათუთეს  წიგნის ფურცლებს....
მზის ნათელი დაეცემა ათინათად 
და გაფანტავს ცაზე მომცრო ნაგლეჯ ღრუბელს....
,,აი ია” გაგიღიმებს კრძალვით ,ვიცი,
შეგაყვარებს ცოდნის ტაძარს,ლექსს და კალამს....
და შენც უმალ  სიყვარულით ფრთებშესხმული
დაადგები ცოდნის ბილიკს,აღმა მავალს....
დედაენის ზღვაში ძებნე მარგალიტი,
ძებნე დიდხანს და იპოვი ,ჩემო კარგო....
სიყვარულის ფერიავ  და ავგაროზო,
ჩემო წმინდა სანთელო და ჩემო ხატო! 
გეფერები,ცოდნის ტაძრის ზღურბლზე მდგარო,
გზად დაგიფენ ია-ვარდებს და გვირილებს....
შეიყვარე წიგნი-ცოდნის კიდობანი,
იქ იპოვი სიბრძნის მარცვლებს და ბილილებს.... 

ლიზის!

სულის სანთელი ხარ ჩემი,
დიდი იმედი და რწმენა!
შენით ვიხალისებ აწმყოს,
შენი ყველაფერი მჯერა....
მჯერა ტიტინით რომ მეტყვი,
არ მიგატოვებო,ბებო!
შენ რომ იღიმი და ხარობ,
მაშინ მხიარულობს ეზო....
მაშინ იღიმება სახლი,
მაშინ სულ სხვაგვარად ვცხოვრობ,
სულს მიფაქიზებს და მათბობს
ჩემი ხმაწკრიალა გოგო. 
როგორც არასდროს ,ისე მომინდა
მუხლზე დაგიჩოქო!
ისე მომინდა,მხრებზე დაგაყრდნო თავი!
მინდა ჩურჩულით გაგესაუბრო ისევ,
და შენს წინ იდგეს ერთი უბრალო ქალი..... 

1937 წლის რეპრესიების ექო...

დახვრეტილი საქართველო,
გათელილი სინდისი....
სისხლის ზღვაში ღრმად ჩაფლული
საყვარელი თბილისი....
უღონო და უუფლებო,
მტარვალთაგან დევნილი...
კაცი,ქალი-ღირსებისგან
პატივაყრილ-ქენჯნილი....
და,შენ ,ვისაც შეგეძლო,რომ
ხალხი მკერდით დაგეცვა,
ჩინ-მედლები ამჯობინე
სიმართლის ხმლის ალესვას...
რეპრესიებს  ახვრეპინე
სისხლი წმინდა,ქართული...
არ გიშლიდა ვამპირობას
არც სინდისი ,არც გული?!
დახვრეტილი საქართველო
გმინავს ალალ-მართალი....
,,საქართველოვ,შენ ვინ მოგცა
შვილი დასაკარგავი?!” 



Thursday, May 13, 2010

მაინც რას უძლებს ადამიანი?
მაინც რას ბედავს კაცი?
რა ხდება ქვეყნად,
რატომ არის  მზიანი ბნელი.
სულ რომ ღამეა,
გათენებას როგორღა ველი?! 

წლები გასულან,
გასულან წლები დარდით და სევდით....
 ჩამოღვენთილა ტოტი ვერხვისა,დახუჭა თვალი...
არ ვიცი ,რა ვქნა,სად ვეძიო სულის მხნეობა....
როცა ხარ მკვდარი...
როცა მკვდარი ხარ,დედა ტირის ,საშველი არ ჩანს...
როცა აღარ ხარ ,სიხარულმაც დაკარგა ხიბლი...
არ მემჩნევა და...ერთი ნახე,რა ხდება გულში...
ძეწნა კი არა....
ეს სული ტირის............ 

გიძღვნი შენ!

ისევ წახვედი,იქაც გელიან,
იქ ოჯახია,ცოლი და შვილი....
აქ სამშობლოა ,დედა და მამა,
აქ ბუდე არის საოცრად თბილი...
შენ კი წახვედი,
სევდამ თვალებით
წუხილი მამცნო,გამოიტანა...
მას შემდეგ მაწვიმს,
გულში ფარულად,
არ ქნა და აღარ გამოიდარა.... 
ისევ წახვედი,გიხმობენ იქეთ,
აქ კი სევდაა,ცრემლი და ფიქრი....
ეს ჩემი დიდი მონატრებაა.
შეხვედრის დღეებს თითებზე ვითვლი....
მამული შენთვის რა არის ნეტავ?!
არ მინდა ამის ახსნა და აზრი....
ცხოვრებამ ასე შორს გაგაქანა,
ფიქრი მაღონებს და დარდი მაწვიმს.... 


მიყვარს ეს ცეკვა,
ძარღვებს ატოკებს მისი ნარნარი....
მიყვარს ეს ქალი,
სულში მწვდება თვალთა კამკამი....
მიყვარს ეს ღვინო ,
სადღეგრძელოდ იფრქვევა აზრი...
მიყვარს ეს ლოცვა,
რომ გადმოდის ჩემზე ღვთის მადლი.... 

Wednesday, May 12, 2010

დაფიქრდი!

ისე არ მინდა,დაგჭმუჭნონ და
მიგაგდონ სადღაც...
როგორც არ მინდა 
გადავსახლდე უცხო კუნძულზე...
გამოგიყენონ?! 
ეს ხომ არის ფლიდობა კაცის...
რას იზამ,ბნელა....
ვისთვის მზეა,
და ვისთვის კვლავ წვიმს.... 

ტიციან ტაბიძე და წითელი მიხაკი
















წითელი მიხაკი სულ გულზე გებნია...
თითქოსდა იარა ღვიოდა წითლად...
სისხლის სუნს გრძნობდი და ყნოსავდი გარემოს,
უკან დახევა ვინ თქვა?
სულს იწრთობდი და გრძნობას აღვიძებდი,
მიხაკი გიმშვენებდა მკერდს...
წითელი ყვავილი იარებს გიხსნიდა,
აახლოებდა დღეს....
აახლოებდა ავსა და სატანას,
ჭრილობას უხსნიდა პირს,
გრძნობდი და არ გრძნობდი,
ან რა აზრი ჰქონდა,
უკან დაიხევდა ვინ?
სისხლად ამოხეთქილ ყვავილს ყნოსავდი და 
გრძნობდი სიკვდილის სუნს....
არ გეშინოდა,სიკვდილს ამარცხებდი...
ასე იწრთობდი სულს....

პაოლო იაშვილის ხსოვნას!
























სულის იარებს უფენდი
 ლექსის სტრიქონებს მალამოდ....
გულის ჩივილებს უმხელდი 
მამადავითის მიდამოს...
განაჩენს უხმოდ ელოდი,
თავადაც სჯიდი უმისოდ...
საკუთარ სასჯელს ეძებდი,
განა ტყუილად,უმიზნოდ...
მოძულის ხელით სიკვდილი
პატივს აგყრიდა,გაგსრესდა...
საფლავსაც არ გაღირსებდა,
არ დაგინთებდა სანთელსა...
ამად დაასწარ მტარვალს და
ტყვია შიგ მკერდში იხალე...
სისხლის წვეთები ყვავილად 
სულ თავზე გადაიყარე... 
მამულში გერგო ალაგი,
საბნად მიწა გაქვს ქართული...
მიწაში ძვრება ბალახი-
მწარე ფიქრებში გართული... 

არ დარჩე მარტო...

არაფერია,
გციოდეს და 
არ გეცვას პალტო,
არაფერია,
გშიოდეს და არ გქონდეს პური,
არაფერია, 
გაწვიმდეს და არ გქონდეს ჭერი,
მთავარი არის,
იყო კაცი და გქონდეს გული....
თუკი გული გაქვს,
შიმშილის დროს 
ლუკმას იშოვი,
თუკი გული გაქვს,
შეგცივდება?
-მოგცემენ პალტოს....
წვიმის დროს ვიღაც შეგიფარებს 
ეული მგზავრი,
მთავარი არის 
ცხოვრებაში არ დარჩე მარტო.... 

..........................

რა პატარა ვარ ამ სამყაროში,
რა ციცქნა მერგო ალაგი ცის ქვეშ...
რად ვარ ასეთი მიუსაფარი,
ან ასე ყოფნას როდემდე ვითმენ.. 

Tuesday, May 11, 2010

სამშობლოს პასუხი...........

არ მინდა მარტო მონატრება,
არ მინდა შორით მოფერება,
არ მინდა ტყუილით არსებობა,
არ მინდა სევდა რომ მოგეჩვევა...
მინდა ახლოს მყავდეს ჩემი მკვიდრი,
მინდა გული გრძნობდეს სიახლოვეს,
არ მინდა ვგავდე  მოხუცებულს,
რომ  იმსახურეს და მიატოვეს.........

გაუცხოელებულ ქართველებს!




















ჩემი ქართულით გეფერები,
ჩემი ქართულით გაარსებებ,
ჩემი ქართულით გესიზმრები,
ჩემი ქართულით გაასკეცებ...
ჩემი ქართულით გალაღებ და
ჩემი ქართულით გაძლიერებ....
ჩემი ქართულით გიმღერი და
ჩემი ქართულით  ღილს გიკერებ....
ჩემი ქართულით ვაჟკაცდები,
ჩემი ქართულით ფრენას იწყებ...
და როცა ყველაფერს აისრულებ...
ჩემს ქართულს დათმობ და  დაივიწყებ?!...

მოსაფერებელი ქართულ სიტყვებს!

სიტყვებს აკვანში ვალაგებ და ვარწევ სათუთად,
ან არ შეცივდეს,არ მოშივდეს, არ დაფრთხეს ჩვილი....
გამოშუშდეს და გაიზარდოს მამულისათვის, 
ფრთხილად!
ჩუ!
ფრთხილად!
არ დაუფრთხოთ პაწიას ძილი! 

მამულო ჩემო!

ასე მგონია,დაგტოვებ და ვერ დავბრუნდები,
ასე მგონია ჩემს ნაფეხურს წაშლის იელი....
გეჩურჩულები,რომ გამიგო ,როგორც მშობელმა,
და მომაშორო საზიზღარი ფიქრი ტიელი....
ასე მგონია,გაქარწყლდება ყველა ოცნება,
ფუჭად იქცევა ათასწლობით ნაჭედი აზრი,
რაც უნდა იყოს შენს კალთებზე ძილს რა სჯობია,
მთლად უკეთესი,ამ უბეში სიკვდილს თუ მაცლი..... 

ახლა სამყარო ჩემი მგონია.....

ახლა ფერებიც სულ სხვაფერია...
ახლა სამყაროც ჩემი მგონია....
ახლა  გოდება სადღაც წასულა,
ახლა ჩემს სულში იადონია.... 
ახლა ძლიერი ძალა მიჭერს და 
ახლა იმედიც სულ სხვაფერია...
ახლა არა ვარ ,რაც უწინ ვიყავ,
ახლა მიზიდავს სხვა მატერია...
ახლა მოყვარე შემომეცალა,
თუ მაძლიერებს ახლა,მტერია...
რა გაბოროტებთ,მე თუ კარგად ვარ?!
ერთად დავძლიოთ ეს ისტერია....

Thursday, April 29, 2010

სიყვარულმა მე ქარიშხლად მაქცია...

სიყვარულმა მე ქარიშხლად მაქცია,
მთებში ღმუილს შემაჩვია რარიგად...
ტყის საცავებს ჩავუქროლე თავწყვეტით,
თუმც თვალებში უცაბედად დაბინდდა...
ღმერთო!ნუღარ გამაღვიძებ ქარიშხლად,
ასე ვიყო,მე სხვა რამე არ მინდა! 
მე შენს ბალიშზე მძინავს ,მამულო,
თბილია,როგორც უბე დედისა...
ვუალერსებ და ვეჩურჩულები,
და მეც ჩურჩული მესმის ერთისა:
,,გიყვარდეს ძლიერ,თავზე მეტადაც,
არ დაიზარო ზრუნვა წამითაც...
მუდამ გახსოვდეს წმინდა სახებად
სვეტიცხოველი,მცხეთა,მთაწმინდა...” 

მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჩანჩურას” ემოციებით...

ძონძებში გახვეულს,სიცილს რომ გაყრიან,
ტკივილს რომ გიძღვნიან საფასად...
 შენს გულუბრყვილობას არად დაგიდევენ,
გული აღარ  გულობს აღარსად...
გთელავენ ფეხქვეშ და სინდისს გიგინებენ,
ცურავენ ცხოვრების წუმპეში...
გული აღარა  აქვთ და ძონძებს იჩრიან
ისედაც ცარიელ უბეში...
ხელს არ გაშველებენ,შენი წამოდგომა
არავის ეხატება მიზნად,
შენზე ხითხითებენ და მათი სიავე
არავის მოუვა ფიქრად...
არავის აოცებს მათი უსულგულო
მახვილისჩამცემი ბოდვა...
ყველა ასეთია,ვის გაუკვირდება,
ან ვის აღმოხდება ლოცვა?!
იმედი არსად ჩანს,ბავშვიც ხომ იგივე 
ტუტუცურ  გზას ირჩევს ფარად....
ვაი,შენ,ჩანჩურა!
გაგწირეს ,გაგრიყეს,
გაგყიდეს არაფრის ფასად.... 

დაეწყება მამულს ლხენა....

სულში აზვირთდები ზღვაურივით,
გულში იხმაურებ ნიავქარად...
ფიქრებს ამიშლი და ვფორიაქობ,
ასე რამ შემძრა და რამ შემშალა...
იქნებ ცის სიღრმიდან ისმის ექო,
წინაპრის ძახილი  წვდება სმენას...
ეს ხომ კავშირია საუკუნო,
ჩანს რომ დაეწყება მამულს ლხენა.... 
სულს ტკივილისთვის არ ცალია,
აქ ხომ ტყუილიც მართალია...
აქ ხომ დამნაშავეც მართალია,
ყველას მივუტევე რახანია...
მიტევება ყველაფრის წამალია...
მე ხომ დარდებისთვის არ მცალია...
ძველო ფიქრებო,დამეხსენი!
მე ახლით ვცხოვრობ რახანია...

Friday, April 16, 2010

არ ვიცი ასე რა მიხარია,რა ხდება ჩემში...
რატომ ავინთე ასე მწველად,რადა ვარ ეშხში....
რად მსიამოვნებს ის სიკეთე,რაც ვთესე სხვაში..
ალბათ,ეს არის,რაც სიამეს ჩამიღვრის ხმაში....

Thursday, April 15, 2010

დღეს შენ მაჩუქე იასამანი....

დღეს შენ მაჩუქე იასამანი,
ჩემი გულის და სულის სამანი..
აფეთქებული საგაზაფხულოდ,
ვერდანახული,ვერშესადარი...
ვერგამხელილი მორცხვი ცეცება
თვალთა ნარნართა შემომეფეთა....
სურნელმა უცებ მომისალბუნა,
რაც მსურდა,მაგრამ მაინც ვერ მეთქვა....
იასამნების გულის ფეთქვაა,
ასე რომ გესმის კარგა ხანია...
ყვავილი-გულით ნასათუთარი
ჩემთვის  ძვირფასი საჩუქარია...

                       15.04.2010-დღეს ხომ სიყვარულის დღეა